შერმანდი ჭკუასელის შემოქმედებითი ბიოგრაფია სათავეს იღებს 1980 წლიდან, როდესაც იგი ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მსახიობ-მომღერლის პოზიციაზე ჩაირიცხა. 1984 წლიდან ინიშნება ამავე ანსამბლის ლოტბარად.
პარალელურად სწავლობდა ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში, ხოლო შემდეგ ქ.უთაისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვოკალის განხრით.
მისი შემოქმედების უდიდესი ნაწილი უკავშირდება ანსამბლ „ერისიონს“, სადაც 1994 წლიდან დაინიშნა მთავარ დირიჟორად. ბატონ შერმანდი ჭკუასელს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ანსამბლის შემოქმედებით წინსვლაში. იგი თანამონაწილეა ყველა იმ დიდი პროექტებისა, რომლებიც „ერისიონმა“ განახორციელა უცხოელ პროდუსერებთან ერთად. ამ პერიოდს ანსამბლის „ოქროს ხანას“ უწოდებენ. (2000-2007წწ)
2015 წელს შერმანდი ჭკუასელი ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა და დღემდე წარმატებით უძღვება მის წინაშე არსებულ მოვალეობებს, რომელიც განაპირობებს ანსამბლის შემოქმედებით წინსვლას, მის განვითარებასა და პოპულარიზაციას მსოფლიოს მასშტაბით.
ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ შერმანდი ჭკუასელის ხელმძღვანელობით ანსამბლმა გააკეთა რამოდენიმე ათეული ქართული ხალხური სიმღერის აუდიო ჩანაწერი, რომლებიც მოიცავენ ყველა კუთხის სიმღერების საუკეთესო და განსხვავებულ ნიმუშებს.