ისტორია

ისტორია

ისტორია

საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “ერისიონი” 1885 შეიქმნა. ანსამბლმა მესამე საუკუნეში შეაბიჯა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა როგორც ჩვენში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ. მას ანსამბლ-მუზეუმსაც კი უწოდებენ. შექმნის დღიდან ანსამბლი “ერისიონი”ერთადერთია ქვეყანაში, რომელსაც ეროვნული ფოლკლორის, საკუთარი ტრადიციების, პირველწყაროს ერთგულებით და ფუნქციური დატვირთვით ძალუძს გააცოცხლოს, შეინარჩუნოს და მომავალს შემოუნახოს ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხის, ათასწლეულებში გამოტარებული და გამობრძმედილი ხალხური პროფესიული შემოქმედების შედევრები: ორპირული გუნდები, საფერხულო, სარიტუალო, საზეიმო  და სხვა ნიმუშები.
არსებობის 138 წლის განმავლობაში ანსამბლში მოღვაწეობდნენ გამოჩენილი ქართველი დირიჟორები ლოტბარები და ქორეოგრაფები: სანდრო კავსაძე, მიხეილ კავსაძე, კირილე პაჭკორია, დათაშკა კავსაძე, გრიგოლ კოკელაძე, შალვა მშველიძე, ვალერიან ცაგარეიშვილი, ანზორ კავსაძე, გრიგოლ ჩხიკვაძე, გურამ ბაქრაძე, დავით ჯავრიშვილი, ჯანო ბაგრატიონი, ილიკო სუხიშვილი, ავთანდილ თათარაძე, კონსტანტინე მანჯგალაძე, რეზო ხონელიძე, ბუხუტი დარახველიძე, გივი კოჯორაშვილი. 
                                       
ანსამბლმა თავისი არსებობის განმავლობაში განაცვიფრა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და ქალაქი: პარიზი, ჟენევა, ბრიუსელი, ნიუ-იორკი, ლოს-ანჟელესი, ჩიკაგო, მადრიდი, მოსკოვი, პეტერბურგი, ათენი, სტამბული, ჩინეთი (პეკინი, გვანჩჟოუ, ტიანძინი, ნანჩანი, ჰუაიან),  სინგაპური, უკრაინა, ინდოეთი, ვიეტნამი, პერუ, მექსიკა, კანადა, გერმანია, ნორვეგია, კანარის და კარიბის კუნძულები, ბალტიის ქვეყნები, ბელორუსია, ყაზახეთი, უზბეკეთი  და სხვა. თავისი შოუ პროგრამით ”ერისიონი” ორი საათის განმავლობაში წარმოაჩენს პლანეტაზე უანალოგო ქართულ ხალხურ სიმღერასა და ცეკვას, საქართველოს ყველა კუთხისათვის დამახასიათებელი კოსტიუმებით, ქართული ხასიათითა და ეთნოგრაფიული ბუნებით. საამაყოა, რომ ქართული სიმღერითა და ცეკვით შთაგონებული „ერისიონის“ შოუ-პროგრამები არა მარტო უძლებენ დროის მოთხოვნებს, არამედ უსწრებენ კიდეც მათ თვითმყოფადობითა და შეუდარებელი პოლიფონიური აზროვნებით.
 
 





1986 წლიდან  2015 წლამდე ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ ბატონი ჯემალ ჭკუასელი, მთავარი ქორეოგრაფი ბატონი რევაზ ჭოხონელიძე.  არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ ჯემალ ჭკუასელისა და რევაზ ჭოხონელიძის ტანდემით  დაიწყო „ერისიონის“ ოქროს ხანა. სწორედ ამ წლებში დაერქვა ანსამბლს „ერისიონი“. (რაც სულხან საბას განმარტებით, ცისიერს, მთის თავს ზეითს ნიშნავს).
1999-2007 წლებში განხორციელდა საქვეყნოდ ცნობილი საერთაშორისო  შოუ-პროგრამები: „ლეგენდა თამარზე”, “ქართული ლეგენდა” და “ქართული ქარიშხალი”,  ამ პროექტებით   “ერისიონმა” მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მოიარა და უდიდეს წარმატებას მიაღწია.

2002 წელს პარიზში “ერისიონს” გადაეცა ოქროს დისკი.
ამავე წელს კომპანია “უნივერსალმა” შეარჩია და გამოსცა მსოფლიოს საუკეთესო შემსრულებლებისა და ანსამბლების ჩანაწერები: მონსერატ კაბალიე, ფრედი მერკური, ანდრეა ბოჩელი, ლუჩიანო პავაროტი, სარა ბრიტმანი, ხოსე კარერასი, პლაჩიდო დომინგო, მარია კალასი და სხვები. მათ შორისაა ანსამბლ „ერისიონის“ “სამაია”(შატილის ასულო) - შოუ-პროგრამიდან “ქართული ლეგენდა”. ეს ყველაფერი უპრეცედენტო მოვლენაა ქართული კულტურის ისტორიაში.
მსოფლიოს რამდენიმე მუსიკალურ შედევრთან ერთად NASA -ს მიერ 1977 წელს გალაქტიკაში ვოიაჯერით გაგზავნილია  ქართული ხალხური სიმღერა “ჩაკრულო”. ის ჩაწერილია “ერისიონის” სოლისტების როსტომ საგინაშვილისა და ილია ზაქაიძის მიერ.                       
138  წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლს  ქართველმა ხალხმა დამსახურებული ღვაწლისთვის  2010  წელს   საქართველოში  ვარსკვლავი გაუხსნა.                                                                                                                                                                                                                                    
 





2015 წლიდან ანსამბლის  სამხატვრო ხელმძღვანელია შერმანდი ჭკუასელი.  მთავარი ქორეოგრაფი კი ეკა ჭკუასელი. 
მათ მიერ შექმნილი ახალი საკონცერტო შოუ-პროგრამებით ანსამბლი დღემდე წარმატებით მოგზაურობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.                                                                                           
ქართველ და უცხოელ მაყურებელთა შეფასებით, ახალი პროგრამა წარმატებული აღმოჩნდა,  ის საუკეთესოა  „ერისიონის“ შოუ-პროგრამებს შორის. ანსამბლის   სამხატვრო ხელმძღვანელის, შერმანდი ჭკუასელისა და მთავარი ქორეოგრაფის, ეკა ჭკუასელის დამსახურებით შოუ წარმოადგენს წინ გადადგმულ დიდ ნაბიჯს, როგორც უფრო დინამიური და მრავალფეროვანი სპექტაკლი, რომელიც ხატოვნად და საოცარი ეთნოგრაფიული სიზუსტით წარმოაჩენს საქართველოს უძველეს ისტორიას.    
 
  2001 წელს იუნესკომ ქართული ხალხური სიმღერა მსოფლიო ხალხების მუსიკალური აზროვნების შედევრად აღიარა. იგორ სტრავინსკის შეფასებით, ქართული ხალხური სიმღერა (კერძოდ კი, ერთ-ერთი გურული სიმღერა) „კრიმანჭული“ ყველა დროის ყველაზე თანამედროვე სიმღერაა.         

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში „ერისიონი“ შოუ, სახელწოდებით - „ქართული საგანძური“ წარმატებით მოგზაურობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და აცნობს მათ ქართულ კულტურასა თუ ტრადიციებს. ჩინეთი, შვეიცარია, იტალია, გერმანია, ფინეთი, საფრანგეთი, უზბეკეთი, ბაქო, ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც ანსამბლის კონცერტები სრული ანშლაგით ჩატარდა და იქ მყოფი მაყურებლები კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა. სულ ახლახანს „ერისიონი“ დიდი ევროპული ტურნედან დაბრუნდა, სადაც კონცერტები 4 ქვეყანაში, 12 ქალაქში ჩატარდა. 55 მსახიობი სცენაზე სიმღერითა და ცეკვით  ნათლად და მკაფიოდ გადმოსცემს იმ ქართულ ტრადიციებსა და ღირებულებებს, რომლითაც ჩვენ ასე ვამაყობთ.