ჯემალ  ჭკუასელი

ჯემალ ჭკუასელი

მთავარი დირიჟორი
საქართველოს სახალხლო არტისტი, შოთა რუსთაველისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი,
ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენების კავალერი, „ხელოვნების ქურუმი“.

ჯემალ ჭკუასელი 1935 წლის 18 მაისს ცნობილი მომღერლის, შერმანდი ჭკუასელის ოჯახში დაიბადა.  სწორედ მამის, ბატონი შერმანდის, დამსახურებაა ის, რომ მან თავისი ვაჟი სისხლხორცეულად აზიარა განუმეორებელი, უნიკალური ქართული ხალხური სიმღერისა და  საერთოდ, ფოლკლორის დიდ სიყვარულს.

1976 წლიდან ჯემალ ჭკუასელი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის სოლისტ-მომღერალი იყო, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც გურამ ბაქრაძე გახლდათ.

1979 წელს, კულტურის მინისტრის, ოთარ თაქთაქიშვილის ბრძანებით, ჯემალ ჭკუასელი ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. 7 წლის დაუზოგავი შრომით მან მოახერხა, რომ ანსამბლი აეყვანა ისეთ მაღალ პროფესიულ დონეზე, როგორზეც ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი არასდროს ყოფილა.

1985 წელს კი იმდროინდელი კულტურის მინისტრის - ვალერი ასათიანის ბრძანებით ჯემალ ჭკუასელი  საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა .

130 წლის განმავლობაში ანსამბლმა უამრავ წარმატებას მიაღწია. ანსამბლში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ქართული ფოლკლორის გამოჩენილი და  ღვაწლმოსილი პროფესიონალები. მიუხედავად ამისა, არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ ჯემალ ჭკუასელისა და რევაზ ჭოხონელიძის ტანდემით დაიწყო „ერისიონის“ ოქროს ხანა. სწორედ ამ წლებში ცნობილი ენათმეცნიერის ლევან ღვინჯილიას რჩევით ანსამბლს ეწოდა „ერისიონი“, რომელიც სულხან-საბას განმარტებით, „ცისიერს, მთის თავს ზეითს“ ნიშნავს.

2015 წლიდან ის "ერისიონის" მთავარი დირიჟორია.