ერისიონის ახალი შენობის სარემონტო სამუშაოები თეა წულუკიანმა დაათვალიერა

ერისიონის  ახალი შენობის სარემონტო სამუშაოები თეა წულუკიანმა დაათვალიერა

ერისიონის ახალი შენობის სარემონტო სამუშაოები თეა წულუკიანმა დაათვალიერა

 თეა წულუკიანი ანსამბლ „ერისიონის“ ახალი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონისთვის“ სახელმწიფოს მიერ გადაცემული შენობის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები მოინახულა. ანსამბლისთვის გადაცემულ შენობაში უკვე განხორციელდა სადემონტაჟო სამუშაოები, ფუნდამენტის სრული რეაბილიტაცია, სახურავის ნაწილობრივი რეაბილიტაცია, შიდა მოწყობითი სამუშაოები, ფასადის რეაბილიტაცია, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების და ჰაერსატარების მოწყობის სამუშაოები. თეა წულუკიანმა შეხვედრისას განიხილა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ, შენობა სრულად იქნება აღდგენილი. ინფორმაციისთვის: ანსამბლ „ერისიონს“ სახელმწიფოსგან ანსამბლის არსებობის ვადით 2014 წელს გადაეცა ქალაქ თბილისში, ხეთაგუროვის ქ. N26-ში მდებარე 4080 კვ.მ შენობა (ე.წ. ყოფილი მედიკოსთა სახლი). შენობა იყო მძიმე მდგომარეობაში, სჭირდებოდა რეაბილიტაცია და ანსამბლი, სამწუხაროდ, მას ვერ გამოიყენებდა. ამჟამად „ერისიონი“ საქმიანობს „ოფიცერთა სახლში“, სადაც ასევე მძიმე და შეუფერებელი პირობებია, მაგრამ ამ სივრცით ანსამბლი ისარგებლებს მანამდე, სანამ მათი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება. საქართველოს კულტურის სამინისტრომ 2021 წლის ივნისში ანსამბლ „ერისიონისთვის“ სახელმწიფოს მიერ გადაცემული შენობის სრული რეაბილიტაციისთვის პროექტის მოსამზადებლად 180 000 ლარი გამოყო. სამინისტროს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიასთან - „შპს იმპოსტთან“ ხელშეკრულება გაფორმდა 2022 წლის 25 მაისს და ამავე დღიდან დაიწყო პროექტის განხორციელება. სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები 2024 წლის გაზაფხულამდე უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ეტაპობრივად განხორციელდება შენობის აღჭურვა. რეაბილიტაციის სრული ღირებულება 12 600 000 ლარია. ანსამბლი „ერისიონი“ რეაბილიტაციის შემდეგ თანამედროვე სტანდარტების შენობას მიიღებს, კერძოდ, შენობაში იქნება: საკონცერტო დარბაზი, ანსამბლის შოუ-პროგრამების შესაბამისი განათება-გახმოვანება, ხმის ჩამწერი სტუდია, კეთილმოწყობილი სარეპეტიციო დარბაზები და საგრიმიოროები, მსახიობებისთვის შექმნილი სატრენაჟორო დარბაზები და საშხაპეები, გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, მოსასვენებელი სივრცეები და კაფეტერია. ასევე, რეაბილიტირებულ შენობას ექნება სარეპეტიციო სივრცეები „ერისიონის“ სკოლა-სტუდიისთვის. სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ 1885 წელს შეიქმნა. არსებობის მანძილზე ანსამბლმა არაერთ წარმატებას მიაღწია და მსოფლიოს ბევრი ქვეყანა განაცვიფრა. 2002 წელს პარიზში „ერისიონს“ გადაეცა ოქროს დისკი. 2010 წელს გაიხსნა 137-წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლის ვარსკვლავი. აღსანიშნავია, რომ 1977 წელს NASA-ს მიერ კოსმოსში გაგზავნილი „ჩაკრულო“ სწორედ „ერისიონის“ წევრებმა შეასრულეს.