მერაბ ბერძენიშვილმა თბილისის სამხატვრო აკადემია 1956 წელს დაამთავრა. მისი შემოქმედების ძირითადი სფერო მონუმენტური ქანდაკებაა. საყოველთაოდ ცნობილი და სახელგანთქმულია მისი ნამუშევრები: “რუსთაველი”, “დავით გურამიშვილი”, “გიორგი სააკაძე”, “მედეა”, “მუზა”, “კიდევაც დაიზრდებიან”, “ლაოსის მეფის მონუმენტი”, “დავით აღმაშენებელი”, “კოტე მარჯანიშვილი”, “გმირთა მემორიალი” და სხვები.
მერაბ ბერძენიშვილმა შექმნა საინტერესო სამხატვრო სასცენო კოსტუმები ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლისთვის, რომელსაც ჯემალ ჭკუასელი ხელმძღვანელობდა. კოსტიუმები გამოირჩეოდა ეთნოგრაფიული სიზუტით, ფერთა გამით და მაქსიმალურად მიახლოებული იყო ისტორიულ ჩაცმულობასთან.
ჯემალ ჭკუასელის ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ერისიონში“ გადმოსვლის შემდეგ, მერაბ ბერძენიშვილმა, რომელსაც უკვე ჰქონდა სასცენო კოსტიუმებზე მუშაობის დიდი გამოცდილება , „ერისიონისთვის“ ულამაზესი და ჭეშმარიტად ქართული კოსტიუმები შექმნა. კოსტიუმების ესკიზების კონცეფციას საფუძვლად დაედო საეკლესიო ფრესკები და ისტორიული დოკუმენტები ყველა ნიუანსის და საქართველოს კუთხეების ხასიათის დაცვით. იგი თავზე ადგა მკერავებს, რათა არ მომხდარიყო მცირე გადაცდომაც კი ესკიზებიდან.
შედეგად მივიღეთ უნიკალური კოსტიუმები, რომელთა მაღალმხატვრულ ღირებულებას ერთხმად აღიარებდნენ, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტები და მაყურებლები. სცენა იყო ფერთა ნამდვილი ფოიერვერკი, რომელიც კარგად ერწყმოდა „ერისიონის“ შოუ-პროგრამების მხატვრულ განათებას.
„ერისიონი“ ამაყობს იმით, რომ სწორედ ცნობილი მოქანდაკისა და მხატვრის მიერ შექმნილი კოსტიუმებით გამოდის მსოფლიოს სცენაზე. უდიდესი შთაბეჭდილების ქვეშ მყოფი მაყურებელი მხურვალე აპლოდისმენტებით „ერისიონთან“ ერთად მერაბ ბერძენიშვილსაც აჯილდოვებს.